რიტუალის სიმბოლიკა და მისი კულტურული კონტექსტი – ნდემბუს ტომის მაგალითი

თავის ნაშრომში, რომელიც პიროვნების ინიციაციის პერიოდს (განვითარების ლიმინალურ პერიოდს) ეხება, ტერნერი გამოყოფს 3 ძირითად ეტაპს:

1) separation– განცალკევება; ამ ეტაპზე პიროვნება იშორებს “ბავშვურ” თვისებებს;
2) margin– ზღვრული პერიოდი; ამ დროს მას არ გააჩნია სოციალური სტატუსი, იგი არაა აღარც ბავშვი და ჯერ კიდევ არ ეთქმის მოზრდილიც;
3) aggregation – დაგროვება, გაერთიანება; ზღვრულ ეტაპზე ყოფნის დროს  დაგროვებული გამოცდილებით იგი გადადის უკვე მოზარდობის ეტაპზე და ახალი სოციალური სტატუსით უერთდება დანარჩენ საზოგადოებას.

ამ ეტაპზე მყოფებს მკვლევარები ნეოფიტებს  უწოდებენ. ტერნერი აღწერს იმ რიტუალებს, რომელთაც ამ პერიოდის დაძლევისათვის მიმართავენ და აფრიკის ნდემბუს ტომის მაგალითს განიხილავს.

ლიმინალური პერიოდის დაძლევისთვის სხვადასხვა რიტუალი ყველა საზოგადოებაში მოინახება, თუმცა მაქსიმალურ გამოხატულებას მსგავსი რიტუალები მცირე ზომის გაერთიანებებში აღწევენ, სადაც ცვლილებები ბიოლოგიურ და მეტეოროლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება და არა – ტექნოლოგიურს (როგორც ინდუსტრიულ საზოგადოებებში).
ინიციაციის პერიოდის გავლისას ნეოფიტის მდგომარეობა მეტად ბუნდოვანი და გაურკვეველია. მას არ აქვს სტატუსი, არ იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში, არ აქვს მუდმივი მახასიათებლები (უფლება/მოვალეობები, პასუხისმგებლობა) და ასე შემდეგ,  ანუ არ არსებობს სოციალურად; ხოლო თუ იგი არ არსებობს სოციალურად, მაშინ არ არსებობს ფიზიკურადაც. მსგავსი გაგება აქვთ “პრიმიტიულ” საზოგადოებებს, სწორედ ამიტომ ამ პერიოდის გადასალახად ამ საზოგადოების ნეოფიტები განცალკევებას მიმართავენ, გამოეყოფიან დანარჩენებს და “ცხოვრებისეული საზრისის” საძიებლად ბუნების წიაღს მიმართავენ. აქ ისინი ეთვისებიან იმ კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც აღიარებულია მათ საზოგადოებაში. მაგალითად, მათ ჰყავთ ე.წ. ინსტრუქტორები – გურუები –  რომლებსაც მათზე დიდი გავლენა აქვთ და აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვენ. ასეთი წესებით ნეოფიტები უფროსების პატივისცემას სწავლობენ. გარდა ამისა, ინიციაციის პერიოდს ნდემბუს ნეოფიტები თანატოლებთან ერთად გადიან, რისი მეშვეობითაც ურთიერთთანაცხოვრების, დახმარებისა და კონსოლიდირების ძირეულ პრინციპებს ეზიარებიან.
ტყეში განმარტოვების პერიოდში ნეოფიტები სხეულს იღებავენ, საკუთარი სტატუსის არარსებობისთვის ხაზგასმის მიზნით. იყენებენ სამ ფერს: წითელს, შავსა და თეთრს, რაც  სიცოცხლის განსხვავებულ საწყისსა და სასრულზე მიუთითებს. გარდა ამისა, ამ სიმბოლოებს ორმაგი დატვირთვაც აქვთ: თეთრი არის სიცივის, უძრაობისა და დედის რძის ფერი; შავი – სიკვდილისა და ნიადაგის/ნაყოფიერების; ხოლო წითელი – ომში დაღვრილი სისხლისა და სიახლის, სიხალისის ფერიც.

ტერნერი გამოყოფს 3 პრობლემას, რომელსაც გადააწყდა, როცა ნდემბუს ტომის წარმომადგენლების საკრალურთან ურთიერთობას იკვლევდა: 1) არაპროპორციულობა; 2) მონსტრის შესახედაობა; 3) მისტიკა.

ინიციაციის ამსახველი ნიღბების, კოსტუმების, ქანდაკებებისა და სხვა ფიგურების დათვალიერებისას პირველ რიგში მათ არაპროპორციულობას შეამჩნევთ. ფიგურებზე გამოსახულ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ ტანზე დიდი ან პატარა თავი, ცხვირი თუ სხვა ორგანო, მაგ; ზარმაცი კაცის გამომსახველი ქანდაკება, რომელსაც აქვს უზარმაზარი სასქესო ორგანო, მაგრამ საერთოდ არა აქვს მკლავები. ასეთი არაპროპორციულობით ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან ადამიანის გარკვეულ თვისებებს (რომლებიც ან მოწონებულია, ან უგულებელყოფილი).

მეორე საკითხია  “მონსტრის გამოსახვა”, ანუ ფანტაზიის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა არსების სხვეულის  ნაწილებს ერთ ფიგურაში აერთიანებდნენ. მაგალითად, ლომის ტანზე კაცის თავს გამოკვეთდნენ, ან – პირიქით. მსგავსი ქანდაკებები  ნეოფიტების ფილოსოფიური ძიებით იყო ნაკარნახევი – ისინი დაფიქრდებოდნენ კაცსა და ლომს შორის არსებულ მსგავსებასა და განსხვავებაზე. მაგალითად, ლომის ტანზე ადამიანის თავის მიბმამ შესაძლოა რამდენიმე ახსნა “მოირგოს”: რომ სული უპირისპირდება სხეულს; ხოლო ინტელექტი – მხეცურ ძალას და ა.შ.

ინიციაციის პერიოდის დასაძლევად სპეციალური რიტუალის ჩატარება (რაც ნდემბუს ტომში გარკვეული ხნით დანარჩენებისგან გარიდებასა და სამყაროს შეცნობის მცდელობას უკავშირდება) ნეოფიტს გარკვეული გამოცდილებით აღჭურავს, რის გამოც იგი თავისიანებს უბრუნდება უკვე ინიციაციადაძლეული მოზრდილი, რომელიც სხვების მიმართ თანაბარი სოციალური სტატუსის მქონედ აღიქმება.

წყარო: Turner, V. W. (1964). Betwixt and Between: The Liminal Period in Rites De Passage (pp. 4-20). The Proceedings of the American Ethnological Society Symposium on New Approaches to the Study of Religion. The University of Washington Press.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in კულტურის ემპირიული კვლევები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s