ყოველდღიურობის რეპროდუქცია

ტომის წევრთა  ყოველდღიური საქმიანობა  საკუთრივ ტომის კვლავწარმოებასა და შენარჩუნებას ახდენს. კვლავწარმოებაში მოიაზრება, არამხოლოდ  ფიზიკური   რეპროდუქცია, არამედ -სოციალური კვლავწარმოებაც. ტომის წევრები  ”სოციალური ფაქტების”[1] კვლავწარმოებას ახდენენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა ეს ჯგუფი  სპეციფიკურ მოქმედებებს ასრულებს. ტომის წევრების სპეციფიკური  ”სოციალური მოქმედებები”[2] არ არის  ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელი, იმ სახით, რა სახითაც ვთქვათ,  თაფლის წარმოება არის ფუტკრისთვის ბუნებრივი მახასიათებელი.  ტომის წევრების მიერ  ყოველდღიური ცხოვრების ფორმის შენარჩუნება,  კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე სოციალური პასუხია.

მონების ყოველდღიური მოქმედება მონობის კვლავწარმოებას ახდენს.  ამით  მონები  არამხოლოდ  ფიზიკურად კვლავაწარმოებენ საკუთარ თავსა და  მათ ბატონებს, არამედ-   იმ ინსტრუმენტებსაც, რომელთა მეშვეობითაც ბატონები მათ რეპრესიას ახდენენ და – საკუთარ  ჩვევას, რომ დაემორჩილონ ბატონის ავტორიტეტს. ადამიანისათვის, რომელიც   მონების საზოგადოებაში ცხოვრობს, ბატონი-მონის დამოკიდებულება ბუნებრივ და მუდმივ ურთიერთობად აღქიმება. თუმცა, ადამიანები არ იბადებიან ბატონებად და მონებად. მონობა არის სპეციფიკური სოციალური ფორმა, და ადამიანები  მას მხოლოდ კონკრეტულ მატერიალურ და  ისტორიულ პირობებში ემორჩილებიან.

სახელფასო ანაზღაურების  მქონეთა ყოველდღიური აქტივობა  სახელფასო შრომისა და კაპიტალის  კვლავწარმოებას ახდენს.  ყოველდღიური  სოციალური მოქმედებების მეშვეობით, „მოდერნული“ ადამიანები კვლავაწარმოებენ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ  ფორმებს,  ისევე როგორც ტომის წევრები და  მონები ახდენენ მათი საზოგადოების  წევრების, სოციალური ურთიერთობებისა და ღირებულებების კვლავწარმოებას.

სოციალური აქტივობის ადრეული ფორმებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სისტემატურად  ახდენს იმ მატერიალური  პირობების  ტრანსფორმირებას, რომელსაც კაპიტალიზმი შეესაბამება. ადამიანური აქტივობის ზოგიერთი შეზღუდვა თანდათანობით ექცევა ადამიანის კონტროლის ქვეშ.  ინდუსტრიალიზაციის  მაღალ დონეზე, პრაქტიკული ქმედება ქმნის საკუთარ მატერიალურ  პირობებს, ასევე იძენს  საკუთარ  სოციალურ ფორმებს. ამიტომაც ანალიზის სუბიექტი, არ არის,  მხოლოდ ის, თუ როგორ კვალვაწარმოებენ კაპიტალისტურ საზოგადოებას პრაქტიკული ქმედებები, – არამედ ისიც, რომ ეს ქმედებები/აქტივობები აქრობენ მატერიალურ პირობებს , რომლებსაც კაპიტალიზმი  შეესაბამება.

ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში

კაპიტალიზმის პირობებში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სოციალური ფორმა  მატერიალურ და ისტორიულ სიტუაციაზე პასუხია. მატერიალური და ისტორიული პირობები ხსნის  სოციალური ცხოვრების კაპიტალისტური ფორმის წარმოშობას, მაგრამ  ვერ  პასუხობს  კითხვას, თუ  რატომ აგრძელებს ეს ფორმა  არსებობას, მას შემდეგ  რაც საწყისი  პირობები  ქრება. „კულტურული ჩამორჩენის“[3]ცნება  ვერ ხსნის თუ რატომ ინარჩუნებენ სოციალური ფორმები სიცოცხლისუნარიანობას, მაშ შემდეგ რაც საწყისი პირობები, რომლებსაც ისინი  პასუხობდნენ ქრებიან.  ეს ცნება  მხოლოდ სოციალური ფორმების სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.  ”კულტურული ჩამორჩენის“ ცნება  ადამიანური აქტივობის განმსაზღვრელი   „ სოციალური  ძალის“  არსებობას  უშვებს. ისევე როგორც, ტერმინმა, რომლებსაც  მარქსი ადამიანთა აქტივობების აღსაწერად იყენებდა ადამიანთა ქმედებების განმსაზღვრელი ბუნებრივი ძალების სტატუსი შეიძინა. ამიტომ ცნებები „კლასთა  ბრძოლა“ „ საწარმოო ურთიერთობები“ და  „დიალექტიკა“ იმავე როლს ასრულებს  ზოგი მარქსისტის თეორიებში, როგორსაც  ”პირველსაწყისის ცოდვა“  ბედი და ბედისწერა  ასრულებდნენ  შუასაუკნეების მისტიკოსების თეორიებში.

თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შესრულებისას,კაპიტალისტური საზოგადოების წევრები უნებლიედ წარმართავენ ორ პროცესს: ისინი ახდენენ მათი სოციალური მოქმედების ფორმების რეპროდუქციას,  და ისინი  აქრობენ იმ მატერიალურ  პირობებს, რომელსაც მოქმედების ეს  ფორმები პასუხობდნენ. მაგრამ მათ არ  იციან რატომ  წარმართავენ  ამ ორ   პროცესს,  მათი საკუთარი აქტივობები არ არის ტრანსფარენტული  მათთვის. ისინი არიან ილუზიაში, რომ მათი აქტივობები არის  პასუხი ბუნებრივ  პირობებზე, რომელიც მათ კონტროლს მიღმაა და ვერ ხედავენ, რომ ისინი არიან  ავტორები ამ პირობებისა. კაპიტალისტური იდეოლოგიის ამოცანა არის შეინარჩუნოს ის ვუალი, რომელიც ადამიანებს საშუალებას არ აძლევს დაინახონ, რომ მათი აქტივობები,  მათი ყოველდღიური ცხოვრების ფორმების კვლავწარმოებას ახდენს; კრიტიკული თეორიის ამოცანაა გამოააშკარავოს ყოველდღიური  ცხოვრების სოციალური მოქმედებები, აქციოს  ისინი ტრანსფარენტულად,  კაპიტალისტური  სოციალური ფორმის რეპროდუქცია აქციოს  ხილვადად.

კაპიტალიზმის პირობებში, ყოველდღიური ცხოვრება იმ სახის ურთიერთდაკავშირებული სოციალური მოქმედებებისგან  შედგება, რომელიც ასოციალური ასოციალური კაპიტალისტური ფორმის რეპროდუცირებასა და გაფართოებას  ახდენს.  სამუშაო დროის გაყიდვა ხელფასად, სამუშაო დროის გადაცვლა საქონელში ( გაყიდვად  საქონელში) მატერიალური და არამატერიალური სამომხმარებლო საგნების მოხმარება,  აქტივობები , რომლებითაც ხასიათდება ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალიზმის პირობებში, არ არის  ადამიანური ბუნების მანიფესტაცია, ისინი თავსმოხვეულია ადამიანზე  იმ ძალების მიერ, რომელიც  მის  კონტროლს მიღმა იმყოფება.

თუ დავუშვებთ, რომ ადამიანი თავისი ბუნებითშესაძლოა იყოს, როგორც არაგამჭრიახი ტომის წევრი, ასევე გამჭრიახი ბიზნესმენი, მორჩილი მონა და ამაყი ოსტატი, დამოუკიდებელი მონადირე და დამოკიდებული ხელფასის-გამომმუშავებელი,  მაშინ ადამიანის  ბუნების ცნება ცარიელი ცნებაა ან ადამიანის ბუნება დამოკიდებულია მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე და  ფაქტობრივად ეს არის   პასუხი ამ პირობებზე.

გაუცხოება სიცოცხლის სამყაროსთან

კაპიტალისტურ საზოგადოებაში, შემოქმედებითი აქტივობა  სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას გავს,  ადამიანების  მოქმედებების  შედეგები სამომხმარებლო საქონლის  სახეს იღებს. საბაზროობა ან გაყიდვადობა  ყველა  პრაქტიკული აქტივობისა და პროდუქტის უნივერსალური მახასიათებელია.  გადარჩენისათვის აუცილებელ, ადამიანების აქტივობის  პროდუქტებს,  გაყიდვადი საქონლის სახე აქვს:  ისინი  მხოლოდ ფულადი გაცვლის შედეგადაა ხელმისაწვდომი. ფული კი მხოლოდ სამომხმარებლო საქონლის გაცვლის შედეგადაა ხელმისაწვდომი.  თუ ადამიანთა დიდი რაოდენობა ლეგიტიმაციას მიანიჭებს ამ  შეთანხმებებს, თუ ისინი გაიზიარებენ,  რომ სამომხმარებლო საქონელი ფულის წინაპირობაა და ფული კი გადარჩენის  წინაპირობა, მანკიერ  წრეში აღმოჩნდებიან. მას შემდეგ, რაც მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის მატერიალური ან არამატერიალური  სამომხამრებლო საქონელი, ერთადერთი გამოსავალი ამ წრიდან  ის არის, რომ საკუთარი თავი მიიჩნიონ სამომხმარებლო საქონლად.   ეს  არის  ”გამოსავალი,” რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს ახვევენ, სპეციფიკურ მატერიალურ და  ისტორიულ  პირობებში. ადამიანები საკუთარ სხეულებს ან სხეულის ნაწილებს  არ ცვლიან ფულზე. ისინი  მათი ცხოვრების  შინაარს, მათ  პრაქტიკულ ყოველდღიურ აქტივობას ცვლიან ფულზე.

როგორც კი ადამიანები ფულს საკუთარი ცხოვრების ეკვივალენტად მიიჩნევენ, სასიცოცხლო აქტივობების გაყიდვა  მათი ფიზიკური და სოციალური გადარჩენის პირობად  გადაიქცევა. ცხოვრება გადაცვლილია გადარჩენაზე. შემოქმედებითობა  ნიშნავს  ადამიანის გაყიდვად სოციალურ მოქმედებას.  ადამიანის აქტივობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა საზოგადოებისათვის გამოსადეგად, თუ  ის გაყიდვადია.  ადამიანები საზოგადოების პროდუქტიულ წევრებად, მხოლოდ  მაშინ მიიჩნევიან,  როცა  მათი ყოველდღიური ცხოვრების  აქტივობები  გაყიდვადია.  როგორც კი ადამიანი მიიღებს გაცვლის  ამ წინაპირობებს, ყოველდღიური  სოციალური მოქმედებები უნივერსალური პროსტიტუციის სახეს იძენს.  გაყიდვადი აქტივობა შრომად  ტრანსფორმირდება ანუ  შრომის სახეს იძენს. შრომა არის ადამიანური აქტივობის ისტორიულად  სპეციფიკური ფორმა, – აბსტრაქტული აქტივობა, რომელსაც  მხოლოდ ერთი თვისება აქვს : ის  საბაზროა, ის შესაძლებელია გაიყიდოს მოცემული რაოდენობის  ფულზე. შრომა არის ინდიფერენტული აქტივობა: ინდიფერენტული კონკრეტულ ამოცანასთან მიმართებით, რომელთან  მიმართაც სრულდება და ინდიფერენტული  კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით,  რომელსაც საკუთრივ  მიემართება .

მიწისთხრა, ქარგვა და ბეჭდვა არის განსხვავებული აქტივობები, მაგრამ სამივე  მათგანი არის შრომა კაპიტალისტურ საზოგადოებაში.  შრომა მარტივად რომ ვთქვათ, ფულის გამომუშავებაა. ცხოვრება  იქცევა  გადარჩენის საშუალებად. ეს  ირონიული  შენიშვნა  არ არის წარმოსახვითი ნოველის დრამატული ბოლო, ეს არის  ყოველდღიური ცხოვრების  ფაქტი   კაპიტალისტურ საზოგადოებაში. გადარჩენა, საკუთრივ თვით-გადარჩენა   და  კვლავწარმოება არ არის  ყოველდღიური შემოქმედებითი საქმიანობა, არამედ გაყიდვადი აქტივობაა, –  მტკივნეული  აუცილებლობა გადარჩენისათვის, შრომა  თვითგადარჩენისა და  კვლავწარმოების საშუალებაა.

გაყიდვის მეშვეობით  ადამიანის შრომა  სხვის საკუთრებად იქცევა,  სხვისი კონტროლის ქვეშ ექცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის აქტივობა იქცევა სხვის აქტივობად, მისი  მფლობელის აქტივობად, ის   ხდება გაუცხოებული  იმ ადამიანისათვის, რომელიც მას ასრულებს. შრომა  მტკივნეული  მდგომარეობაა გადარჩენისათვის და ის  გაუცხოებულ მოქმედებებად  იქცევა, მოქმედებებად რომლებიც შესრულებულია შრომის მყიდველის მიერ. კაპიტალისტურ  საზოგადოებაში არქიტექტორები, ინჟინერები და  მუშები არ არიან  მშენებლები, არამედ მშენებელი არის  ის ვინც  ყიდულობს მთ შრომას. მათი პროექტები, გამოთვლები და მოტივები  უცხოა მყიდველისთვის. მათი  სასიცოცხლო აქტივობები,  მათი მონაპოვარი, მყიდველისაა.

აკადემიური სოციოლოგები, რომლებიც შრომის გაყიდვადობას  თავისთავადნაგულისხმევად მიიჩნევენ, შრომის ამ გაუცხოებას  ხსნიან, როგორც გრძნობას:  „მუშების აქტივობა ჩანს გაუცხოებული მუშებისათვის,“  ჩანს, რომ ის  კონტროლდება სხვის მიერ. თუმცა,   ყველა მუშას  შეუძლია აუხსნას  აკადემიურ სოციოლოგს, რომ  გაუცხოება არ არის  მხოლოდ გრძნობა ან აკვიატება მუშის თავში, ეს არის რეალური ფაქტი მუშის  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.  გაყიდვადი აქტივობა  გაუცხოებულია  მუშისათვის; მისი შრომა სინამდვილეში  კონტროლდება მყიდველის მიერ.

მისი გაყიდვადი აქტივობის გაცვლით, მუშა  იღებს  ფულს- კაპიტალისტურ საზოგადოებაში. გადარჩენის  კონვენციურად მიღებულ საშუალებას. ამ ფულით მას შეუძლია იყიდოს სამომხმარებლო საქონელი, ნივთები, მაგრამ მას არ შეუძლია უკან  იყიდოს მისი ცხოვრება.  ეს  წარმოაჩენს, რომ ფული არ არის უნივერსალური ეკვივალენტი.  ადამიანს შეუძლია  გაყიდოს სამომხმარებლო საქონელი ფულად და  იყიდოს იგივე საქონელი ფულით.  მას შეუძლია გაყიდოს სასიცოცხლო აქტივობები  ფულზე,  მაგრამ  მას  არ შეუძლია იყიდოს სიცოცხლე    ფულით.

ის ნივთები რომელსაც  მუშა    ხელფასით ყიდულობს   უპირველეს ყოვლისა  სამომხმარებლო  საქონელია, რომელიც აძლევს მას   საშუალებას, გადარჩეს, კვლავაწარმოოს  მისი შრომა და   გააგრძელოს შრომის გაყიდვა.  ის  მოიხმარს და აღტაცდება  ადამიანური აქტივობის  პროდუქტებით პასიურად. ის არ არსებობს სამყაროში, როგორც აქტიური აგენტი, რომელიც ახდენს გარესამყაროს ტრანსფორმირებას, არამედ   უმწეო, იმპოტენტი მაყურებელია. ის   შესაძლოა მის  მდგომარეობას  უწოდებდეს უძალაუფლებო აღტაცებას   და  მაშინ როცა, შრომა მტკივნეულია,  მან შესაძლოა  მოისურვოს რომ იყოს   „ბედნიერი“ , სახელდობრ  პასიური   მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში   (მდგომარეობა რომელიც მკვდარშობილად  დაბადებას გავს) სამომხმარებლო საქონელი, მოიხმარს თავად  მას, ის  სასიცოცხლო ენერგიას  პასიურ აღტაცებაში  ხარჯავს; ის მოხმარებულია საგნების მიერ. ამ გაგებით რაც უფრო მეტი აქვს მას  მით უფრო ნაკლებია ის.  ( ინდივიდს შეუძლია  დაძლიოს სიკვდილი სიცოცხლეში მარგინალური შემოქმედებითი მოქმედებით; მაგრამ მოსახლეობას არ შეუძლია- პრაქტიკული  აქტივობის კაპიტალისტური ფორმისა და სახელფასო შრომის გაუქმების, ასევე   შემოქმედებითი აქტივობის გაუცხოების დაძლევის გარეშე).

 

წყარო/ Source:

Fredy Perlman

The Reproduction of Daily   Life

1969

Retriwed on February 12th, 2009 from spunk. org


[1] სოციალური ფაქტი – სოციალური ფაქტი არის ქმედებათა ყოველი წესი, _ მდგადი ან არა მდგრადი, რომელსაც ძალუძს მოახდინოს ინდივიდზე გავლენა გარე იძულების საშუალებით ან სხვაგვარად: რაც გავრცელებულია მოცემული საზოგადოების მთელ სივრცეზე და იმავდროულად გააჩნია საკუთარი, თავისივე ინდივიდუალური გამოვლინებებისგან დამოუკიდებელი არსებობა. ემილ დიურკჰაიმი.

[2] სოციალური მოქმედება მოქმედებად უნდა იწოდოს ადამიანის ქცევა, მაგრამ სოციალური მოქმედება უნდა ეწოდოს ისეთს, რომელიც  მოქმედის ან  მოქმედდთა მიერ ნაგულიხმევი სუბიექტური საზრისის მიხედვით მიმართულია, მიპყრობილია სხვათა მოქმედებებზე, მაქს ვებერი.

[3] ჯეიმს  ვუდვორდი, წერს რომ როდესაც   არსებობის მატერიალური პირობები იცვლება, ეს ცვლილებები   კულტურაშიც აისახება, თუმცა  არ ხდება  მათი  სინქრონიზება მატერიალური ცხოვრების ცვლილებებთა და  სწორედ ეს    ”დაყოვნება” არის   ”კულტურული ჩამორჩენა .” Woodard, James W. “Critical Notes on the Culture Lag Concept.” Social Forces 12.3 (Mar. 1934): 388-398. SocINDEX with Full Text. EBSCO. Langsdale Library, Baltimore, MD. 30 Sep. 2009.

About socioflaneur

სოციოფლანიორი
This entry was posted in "ცოტა მერწყული და აპოკალიფსი". Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი